ხშირად დასმული კითხვები

Q: კლინიკურ პრაქტიკაში უპირატესობას ვანიჭებ 1 წლიანი ალბათობის გამოყენებას - რატომ გამოიყენება მოტეხილობის 10 წლიან ალბათობა?

A: ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებში (დაბალი სიკვდილიანობა) 1 წლიანი ალბათობა არის 10 წლიანი ალბათობის დაახლოებით 10%. ამგვარად, იმ პირს, რომლის მოტეხილობის 10 წლიანი ალბათობა არის 40%, მოტეხილობის 1 წლიანი ალბათობა ექნება 4%. უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლები უკეთესად აღიქმება პაციენტებისა და ექიმების მიერ.

Q: აქვთ თუ არა კლინიკურ რისკ-ფაქტორებს ერთი და იგივე მნიშვნელობა ქალებსა და მამაკაცებში და აგრეთვე სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში?

A: რისკის ფაქტორები ქალებსა და მამაკაცებში შედარებითი რისკის თვალსაზრისით სხვადასხვა ქვეყანაში ერთნაირად მოქმედებს. თუმცა, აბსოლუტური რისკი ცვალებადობს, რადგან ნებისმიერი მოცემული ასაკისათვის ცვალებადობს მოტეხილობის აბსოლუტური რისკი და სიკვდილის აბსოლუტური რისკი. გარდა ამისა, რისკ-ფაქტორების მნიშვნელობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ასაკზე (მაგ. ოჯახური ანამნეზი), ან სხვა რისკ-ფაქტორების არსებობაზე. მაგალითად დაბალი სმი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, როდესაც გამოთვლა ხდება ძმს-ს მიხედვით.

Q: კითხვას კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ უნდა გაეცეს პასუხი "დიახ" ან "არა". თუმცა ორი წინამორბედი კლინიკური მოტეხილობა დაკავშირებულია უფრო მეტ რისკთან, ვიდრე ერთი მოტეხილობა. რატომ არ ხდება ამის გათვალისწინება?

A: ცნობილია, რომ ბევრ კლინიკურ რისკ-ფაქტორს ახსიათებს დოზაზე დამოკიდებულება. წინამორბედი მოტეხილობების რიცხვის გარდა, ეს რისკ-ფაქტორებია თამბაქოს მოხმარება, გლუკოკორტიკოიდების გამოყენება და ალკოჰოლის მოხმარება. მოდელი ემყარება ინფორმაციას, რომელიც საერთოა მოდელის შესაქმნელად გამოყენებული ყველა ჯგუფისათვის, მაგრამ ასეთი დეტალები ყველა ჯგუფში არ იყო ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ აუცილებელია კლინიკური მსჯელობა გამოთვლით მიღებულ ალბათობათა ინტერპრეტაციის დროს. მოტეხილობების საშუალოზე დიდი რაოდენობა შეიცავს უფრო მეტ ალბათობას, ვიდრე გამოთვლა გვიჩვენებს.

Q: კითხვას კლინიკური რისკ-ფაქტორების შესახებ უნდა გაეცეს პასუხი "დიახ" ან "არა". თუმცა, გლუკოკორტიკოიდების დიდი დოზით მიღება უფრო მეტ რისკთან არის დაკავშირებული, საშუალო დოზასთან შედარებით. რატომ არ ხდება ამის გათვალისწინება?

A: გათვალისწინება არ ხდება იმ მიზეზების გამო, რომლებიც აღნიშნულია ზემოთმოცემულ კითხვაში. გლუკოკორტიკოიდების საშუალოზე მაღალი დოზა დაკავშირებულია უფრო დიდ ალბათობასთან ვიდრე ეს ნაჩვენებია გამოთვლით. პირიქით, საშუალოზე დაბალი დოზა შეესაბამება უფრო დაბალ ალბათობას. გლუკოკორტიკოიდების დოზის მიხედვით კორექტირების შესახებ დახმარება მოცემულია სტატიაში Kanis et al, 2010 (იხ. გამოყენებული ლიტერატურა)

Q: წინამორბედი ვერტებრული მოტეხილობა უფრო მეტ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე წინამხრის მოტეხილობა. როგორ აისახება ეს ალგორითმში?

A: არ აისახება, იმ მიზეზების გამო, რომლებიც ნაჩვენებია ზემოთმოცემულ კითხვებში. უნდა აღინიშნოს, რომ წინამორბედი მორფომეტრული და ასიმპტომური ვერტებრული მოტეხილობა შეესაბამება დაახლოებით იგივე რისკს, რასაც ნებისმიერი წინამორბედი მოტეხილობა. თუმცა, კლინიკური ვერტებრული მოტეხილობა ბევრად უფრო მეტ რისკთან არის დაკავშირებული (იხ. გამოყენებული ლიტერატურა Johnell et al 2006).

Q: ცნობილია,რომ ძვლის მეტაბოლიზმის მარკერები კორელირებს მოტეხილობის რისკთან ძმს-გან დამოუკიდებლად. შესაძლებელია თუ არა ამის გამოყენება მოცემულ მოდელში?

A: ცნობილია, რომ ძვლის მეტაბოლიზმის მაჩვენებლების მაღალი მნიშვნელობა ძმს-გან დამოუკიდებლად არის დაკავშირებული მოტეხილობის რისკთან. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ერთიანი შეთანხმება იმის შესახებ თუ რომელი მარკერი უნდა იქნას გამოყენებული, ასევე არ არის დაგროვილი საკმარისი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ჩართვა მოდელში. ასეთი ტესტების შედეგების ინტერპრეტაცია კლინიკური მსჯელობის საგანია.

Q: მიღებულია თუ არა მხედველობაში ეთნიკური უმცირესობები?

A: არ არის მხედველობაში მიღებული, გარდა აშშ-სა და სინგაპურისა, სადაც სრულყოფილი ეპიდემიოლოგიური ინფორმაციაა შესაბამისი კორექციისათვის.

Q: ჩემი ქვეყანა არ არის წარმოდგენილი. როგორ უნდა მოვიქცე?

A: გამოთვლისთვის გამოიყენეთ ქვეყანა, რომელშიც ოსტეოპოროზის ეპიდემიოლოგია ყველაზე მეტად უახლოვდება თქვენი ქვეყანისას. მაღალი რისკის ქვეყნების მაგალითებია დანია და შვედეთი. დაბალი რისკის ქვეყნებია ლიბანი და ჩინეთი.

ახალი მოდელები სავარაუდოდ ხელმისაწვდომი იქნება შემდგომ ვერსიებში. მიმართეთ თხოვნით თქვენს ეროვნულ ასოციაციებს ქვეყნისთვის სპეციფიური მოდელის ან სუროგატული მოდელის შესაქნმნელად.

Q: რატომ არ შემიძლია პროგრამის გამოყენება 30 წლის პაციენტის მოტეხილობის რისკის შესაფასებლად?

A: მოდელი შექმნილია მთელს მსოფლიოში პოპულაციური ჯგუფების რეალური მონაცემების საფუძველზე, რომელთა ასაკობრივი დიაპაზონი ლიმიტირებულია. თუ თქვენ შეიტანთ 40 წელზე დაბალ ასაკს, პროგრამა გამოთვლის მოტეხილობის ალბათობას 40 წლის ასაკისთვის. რისკის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს კლინიკური მსჯელობის შედეგად.

Q: პროგრამა არ ითვალისწინებს კლინიკური რისკ-ფაქტორებისათვის კატეგორიას ”პასუხი უცნობია”. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

A: პროგრამა არ ითვალისწინებს კატეგორიას ”პასუხი უცნობია”. როდესაც გამოითვლება 10 წლიანი რისკი, იგულისხმება, რომ ყველა კითხვას (ძმს-ს გარდა) შეიძლება გაეცეს პასუხი. თუ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია, მაგალითად ოჯახური ანამნეზის შესახებ, უნდა უპასუხოთ "არა".

Q: რატომ არ გამოითვლება ყველა ოსტეოპოროზული მოტეხილობის ალბათობა? ეს უფრო დიდ ციფრებს მოგვცემს.

A: პროგრამაში ყველა ოსტეოპოროზული მოტეხილობის ჩართვა რთულია, მათი ეპიდემიოლოგიის შესახებ შეზღუდული ინფორმაციის გამო. შვედეთის მონაცემების მიხედვით, სხვა ძირითადი ოსტეოპოროზული მოტეხილობების პროგრამაში ჩართვა (მაგ. მენჯის, ბარძაყის სხვა მოტეხილობების, წვივის მოტეხილობების) გაზრდის ალბათობის მაჩვენებელს დაახლოებით 10 პროცენტით (მაგ. თუ პაციენტის ძირითადი მოტეხილობების ალბათობა არის 5%, ეს მაჩვენებელი შეიძლება 5.5% მდე გაიზარდოს). ნეკნების მოტეხილობის პროგრამაში ჩართვა უფრო მეტად გაზრდის ამ მაჩვენებელს. თუმცა მათი დიაგნოსტიკა რთულია.

Q: რატომ არ არის ჩართული პროგრამაში დავარდნა, რომელიც მოტეხილობის კარგად ცნობილი და დადასტურებული რისკ-ფაქტორია?

A: ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ის, რომ იმ ჯგუფების მონაცემები, რომლებიც გამოიყენებოდა მოდელის შესაქმნელად განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა დავარდნის შესახებ, აქედან გამომდინარე შეუძლებელი გახდა სტანდარტიზებული განზომილებების შექმნა. მეორე მიზეზი - არ იქნა დადგენილი, რომ ფარმაცევტული ინტერვენცია ამცირებს მოტეხილობის რისკს იმ პაციენტებში, რომლებიც შეირჩნენ დავარდნის ანამნეზის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ რისკის შეფასების მოდელებმა განსაზღვრონ რისკი, რომელიც შეიძლება შემცირდეს მკურნალობის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ FRAX დაფუძნებულია იმ პირების ჩართვაზე, რომელთაც აქვთ ყველა დონის დავარდნის რისკი. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დავარდნა არ არის ცვლადი, რომელიც შედის FRAX ტესტში, ის გათვალისწინებულია გამოთვლებში.

Q: რატომ არ ექცევა ყურადღება რენტგენოლოგიურად დიაგნოსტირებულ მოტეხილობებს და რატომ ხდება ფოკუსირება მხოლოდ კლინიკურ ვერტებრულ მოტეხილობებზე?

A: წინამორბედ მორფომეტრიულ მოტეხლობას იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც ნებისმიერ სხვა ოსტეოპოროზულ მოტეხილობას და შესაძლებელია ჩაირთოს FRAX ® მოდელში. თუმცა, კალკულაციის შედეგი არ შეიცავს მორფომეტრიული მოტეხილობის ალბათობას. ეს კონსერვატიული პოზიციაა, რადგან ამ ტიპის მოტეხილობების კლინიკური მნიშვნელობა საკამათოა (განსხვავებით მათი როლისა რისკის პროგნოზირებაში). მიუხედავად ამისა, ეს გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილებაზე უნდა დავიწყოთ თუ არა მკურნალობა.

Q: როგორ უნდა მივიღო გადაწყვეტილება ვის ვუმკურნალო?

A: FRAX-ის ® განსაზღვრა არ გვიჩვენებს ვის უნდა ვუმკურნალოდ. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კლინიკური მსჯელობის საფუძველზე. ბევრ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები, რომლებიც ემყარება ექსპერტთა აზრს და/ან დამოკიდებულია ეკონომიკურ მოსაზრებებზე.

Q: რომელი T - კრიტერიუმი უნდა შევიყვანო FRAX-ის მოდელში ®?

A: უნდა შეიყვანოთ ბარძაყის ყელის T-კრიტერიუმი, რომელიც მიღებულია რეფერენსული სტანდარტული მაჩვენებლებიდან (რეკომენდებულია NHANES III-ის მონაცემები კავკასოიდური რასის 20-29 წლის ქალებისათვის -T (WHO) -კრიტერიუმი). ადგილობრივი მონაცემთა ბაზიდან T- კრიტერიუმის ან ეთნოსპეციფიური რეფერენსული მაჩვენებლების გამოყენება არასწორ შედეგებს იძლევა. გაითვალისწინეთ, რომ იგივე რეფერენსული მაჩვენებლები გამოიყენება მამაკაცებისთვისაც (NHANES III-ის მონაცემები კავკასოიდური რასის 20-29 წლის ქალებისათვის). თუ დარწმუნებული არ ხართ T- კრიტერიუმის სისწორეში, შეიტანეთ DXA -ის მწარმოებელი და ძმს-ის მაჩვენებელი. პროგრამა ავტომატურად გამოთვლის T (WHO) -კრიტერიუმს.

Q: შემიძლია თუ არა გამოვიყენო ბარძაყის ძმს-ის ჯამური მაჩვენებული (total hip ) ან წელის მალების ძმს ბარძაყის ყელის ძმს-ის ნაცვლად?

A: არა. მოდელი შექმნილია იმ პოპულაციური ჯგუფების რეალური მონაცემებით, რომლებშიც გამოითვლებოდა ბარძაყის ყელის ძმს. T- კრიტერიუმი და Z-კრიტერიუმი ცვალებადობს გამოყენებული ტექნოლოგიის და გამოკვეული რეგიონის მიხედვით.

Q: არის შემთხვევები, როდესაც წელის მალების T-კრიტერიუმი ბევრად ნაკლებია ბარძაყის ყელის T-კრიტერიუმზე. ხდება თუ არა ამ შემთხვევებში FRAX-ით მოტეხილობის ალბათობის ხელოვნურად შემცირება?

A: დიახ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ FRAX გადაჭარბებულად აფასებს მოტეხილობის ალბათობას, იმ პაციენტებში, რომელთა T-კრიტერიუმი წელის მალებში ბევრად აღემატება ძმს T-კრიტერიუმს ბარძაყის ყელში. თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა ლოკალიზაციაში T-კრიტერიუმის განსხვავებული მაჩვენებლების კორექტირება მოცემულია Leslie et al, 2010 (იხ. გამოყენებული ლიტერატურა FRAX - დახმარება)

Q: მოტეხილობების სიხშირე და სიცოცხლის ხანგრძლივობა იცვლება. იმოქმედებს თუ არა ეს FRAX -ზე?

A: მნიშვნელოვანი ცვლილებები გავლენას ახდენს მოდელის სიზუსტეზე, ამგვარად FRAX-ის მოდელები პერიოდულ განახლებას მოითხოვს.